ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოზარდს ინგოროყვას კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ  
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოზარდს ინგოროყვას კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ  

ინგოროყვას კლინიკაში ამ დრომდე რჩება ორი მოზარდი, რომლებიც გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაშავდნენ.

როგორც მათი მკურნალი ექიმი აცხადებს, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ დღის ბოლომდე დატოვებენ. ორივე დაშავებულს ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა აქვს.

არასრულწლოვნებს გუშინვე ჩაუტარდათ ტვინის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება „ამტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებულ მოზარდებს, ექიმების განცხადებით, მათ დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც გადაწყდება, როდის დატოვებენ კლინიკას.

გუშინ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი მოზარდი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა. გარდაცვლილს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მას ბოლნისში, საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.