ბალტიის ზღვაში უძველესი მეგასტრუქტურის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ბალტიის ზღვაში უძველესი მეგასტრუქტურის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ბალტიის ზღვის ცივი, ბნელი ტალღების ქვეშ ისტორიის აქამდე უცნობი ნაწილი იმალება.

გერმანიის სანაპიროსთან, მეკლენბურგის უბეში, 21 მეტრის სიღრმეში, მეცნიერებმა ქვის უძველესი მეგასტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც ქვის ხანით თარიღდება და დაახლოებით 10 000 წლის წინანდელია.

სტრუქტურის სიგრძე თითქმის კილომეტრია, აგებულია დიდი ქვებით და საერთოდ არ ჰგავს ბუნებრივ წარმონაქმნს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განზრახ არის აგებული რაღაც მიზნით, ათასობით წლით ადრე, ვიდრე ზღვა შთანთქავდა.

გერმანელ მკვლევართა ჯგუფს კიელის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ჯეიკობ გეერსენი ხელმძღვანელობდა. მათი აზრით, სტრუქტურა წარმოადგენდა კედელს, რომელიც იმ პერიოდში ამ რეგიონში მცხოვრებ მონადირე-შემგროვებელ ხალხს ნადირობაში ეხმარებოდა.

აღმოჩენას მათ ბლინკერვოლი უწოდეს.

„ძეგლი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს დოკუმენტირებულ ხელოვნურ სტრუქტურას დედამიწაზე, რომელიც უდიდესია ევროპაში აღმოჩენილ ქვის ხანის სტრუქტურებს შორის“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ეს ძეგლი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბალტიის ზღვის დასავლეთ რეგიონში საარსებო სტრატეგიების, მობილობისა და ტერიტორიული განვითარების შესწავლაში.

ათასწლეულების განმავლობაში, დედამიწის ხმელეთის მასები მნიშვნელოვნად იცვლება, რასაც განაპირობებს ტექტონიკური მოძრაობა, ეროზია და ისეთი კლიმატური პროცესები, როგორიც არის გამყინვარება და ზღვის დონის ცვლილებები. დროთა განმავლობაში, ზღვამ შთანთქა და ძნელად მისაწვდომი გახადა მრავალი სანაპირო დასახლება თუ სტრუქტურა.

თუმცა, ბოლო წლებში, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, ზღვის ფსკერზე დამალული არაერთი სტრუქტურა აღმოაჩინეს. გეერსენმა და მისმა ჯგუფმა ბლინკერვოლი მაღალი რეზოლუციის ჰიდროაკუსტიკური ვიზუალიზაციის გამოყენებით იპოვეს — ეს გახლავთ ავტომატური წყალქვეშა აპარატი. ადგილზე იმყოფებოდნენ მყვინთავებიც.

შეგროვებულმა მონაცემებმა გამოავლინა დიდ სიგრძეზე, თითქმის 971 მეტრზე გადაჭიმული დაახლოებით 1670 ცალკეული ქვა. ამ ქვების სიმაღლე მეტრამდეა, სიგანე კი ორ მეტრამდე და მთელ სიგრძეზე გვერდიგვერდ არის ჩაწყობილი.

ჯგუფის განცხადებით, თანმიმდევრულობიდან და სისუფთავიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტრუქტურა ბუნებრივი პროცესების შედეგად იყოს წარმოქმნილი, მაგალითად მყინვარების მიერ.

ამას გარდა, როგორც ჩანს, სტრუქტურა უძველესი სანაპირო ზოლის ან ჭაობის მიმდებარედ იყო განთავსებული. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თევზების საგუბრისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რადგან მკვლევრებმა წყლის ნაკადებს ვერ მიაგნეს, რაც მისი სათანადოდ მუშაობისთვის არის საჭირო.

ის არც სანაპირო თავდაცვითი ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რადგან ორი მეტრი საკმაოდ ვიწროა სანაპირო კედლის საძირკვლისთვის. მკვლევართა განცხადებით, ასევე ნაკლებად სავარაუდოა ნავსადგურის მშენებლობა, რადგან ხალხი, რომელიც ამ რეგიონში 10 000 წლის წინ ცხოვრობდა, ზღვაოსნობაში დიდად განსწავლული არ უნდა ყოფილიყო.

„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ სტრუქტურის ყველაზე შესაძლო ფუნქციური ახსნა არის ის, რომ ის ააშენეს და იყენებდნენ სანადირო არქიტექტურის სახით, მსხვილ ჩლიქოსანთა ჯოგების მისარეკად. იმ დროს ეს ცხოველები უნდა ყოფილიყო ძირითადად ირემი და ბიზონი“, — წერენ მკვლევრები.

იდეა სულაც არ არის უცნაური. საუდის არაბეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებში ქვის ასობით კოლოსალური სტრუქტურაა აღმოჩენილი; მეცნიერთა აზრით, ამ სტრუქტურებსაც ცხოველთა ჯოგების მისარეკად იყენებდნენ, რაც მათზე ნადირობას აადვილებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრუქტურების დათარიღება რთულია, მკვლევრებს სჯერათ, რომ ბლინკერვოლო 10 000 წლის წინ ან უფრო ადრეა აშენებული; ამის ვარაუდის საშუალებას მათ მიმდებარე მახასიათებელთა ასაკი და ის ფაქტი აძლევს, რომ სტრუქტურა ბალტიის ზღვაში დაახლოებით 8500 წლის წინაა ჩაძირული.

მას შემდეგ, ის წყალქვეშაა, შედარებით ხელუხლებელ მდგომარეობაში, რის გამოც, ღირებული რესურსია ადამიანის ისტორიის უკეთესად შესასწავლად.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.