ბაკურიანში ძაბვის ვარდნის გამო გათიშული საბაგიროდან დამსვენებლების ჩამოყვანა მიმდინარეობს
ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც მოქალაქეები მთიდან ჩამოჰყავთ.
ძაბვის ვარდნის გამო, კომპანიის ინფორმაციით, დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შექმნიათ. მათივე ცნობით, მთიდან დაახლოებით 50-მდე დამსვენებელს ჩამოიყვანენ.
„ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომლებიც ახორციელებენ დამსვენებლების ჩამოყვანას მთიდან. საგანგაშო და საშიში არაფერი არ ხდება. რასაკვირველია, ყველა უვნებელია და ძალიან მალე აღმოიფხვრება პრობლემა“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა, თამთა იაშაღაშვილმა.