ბაკურ კვაშილავა - ბოლო განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთს სანქციების შემდეგ ძალიან გაუჭირდა
ბოლო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს მართლა ძალიან გაუჭირდა სანქციების შემდეგ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, GIPA-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს მართლა ძალიან გაუჭირდა სანქციების შემდეგ, გაუჭირდა სამხედრო თვალსაზრისითაც და ცდილობს, შეფართვით და ფრთხილად მაინც გამოიყენოს ენერგობერკეტი, რომელიც მას გააჩნია, მაგრამ როგორც ვხედავთ, ევროპა ჯერ მაინც არ ექვემდებარება შანტაჟს. ზელენსკის განცხადებას თუ შევაფასებთ, ის იაზრებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე დგას ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები, ვინაიდან ეს ბერკეტი რეალურად არსებობს და მართალია, გაზის მიწოდების შეწყვეტა რუსეთს მნიშვნელოვნად დააზიანებს, მაგრამ არანაკლებ დააზიანებს ევროპას“, – განაცხადა კვაშილავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად დიდი პერსპექტივა აქვს კომპრომისულ მოდელს და რამდენად შეიძლება, ის გახდეს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის საფუძველი, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს ისეთი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რომელიც იქნებოდა სამშვიდობო ხელშეკრულება.
„მაქსიმუმი, რისი მიღწევაც უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, არის ცეცხლის შეწყვეტა და მოწინააღმდეგეების დაშორიშორება ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ანუ, რეალურად, იმ სტატუსკვოს შენარჩუნება, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ამ წუთში უჭირავთ“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, ძნელი საფიქრალია, შეთანხმება მოხდეს ისეთ საკითხებზე, რომელიც გრძელვადიანი ტიპის იქნება, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
„იქ ისევ პუტინია, რომელიც თავის პოზიციას ვერ ცვლის. მას მართლაც ხისტი პოზიცია ჰქონდა და ამის ცვლილება შეუძლებელია. ფაქტობრივად, პუტინი ითხოვს, უკრაინა ოფიციალურად სატელიტ ქვეყნად გადაიქცეს. შესაძლოა, მთლად ისეთ ქვეყანად არა, როგორიც ბელარუსია, მაგრამ მსგავს ქვეყნად. რუსეთი ასევე ითხოვს, უკრაინამ აღიაროს, რომ ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და დონეცკი და ლუგანსკი არიან დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ერები, რომელთაც სახელმწიფოებრიობა ეკუთვნით. ამაზე ხელის მოწერა უკრაინის მთავრობას ძალიან გაუჭირდება. მით უმეტეს, უკრაინის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში იმ წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა“, – განაცხადა კვაშილავამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ ნატო-ს გზავნილი, რომ რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს და რა ტიპის დახმარებას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-სგან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ეს ალბათ, უნდა იყოს გარკვეული გარანტიები, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატო საქართველოს ქმედით დახმარებას გაუწევს.
„ისეთს, რომელსაც შინაარსობრივი მნიშვნელობა ექნება და, რომელიც რუსეთის აგრესიის პირობებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვას შესაძლებელს გახდის. სხვა არანაირი გარანტია არ შეიძლება, ნატო-მ მოგვცეს და ალბათ, იგულისხმება ის, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ამგვარი გეგმის შემუშავებაზე, თანხმდებიან ამ გეგმაზე და იმედი გვაქვს, მერე უკვე საქმეში ჩააყენებენ ჩვენს ქვეყანასაც, რომ საქართველოც მედგრად დახვდეს ასეთ გამოწვევას, შესაბამისად, მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი საზოგადოებაც იქნება მზად, რომ შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მაგრამ ისე, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ არ ვიქნებით მარტო“, – განაცხადა კვაშილავამ.
ამასთან, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი არასოდეს ყოფილა არც საქართველოს და არც უკრაინის ნეიტრალიტეტი.
„რუსეთის მიზანია ამ ქვეყნების შემომტკიცება. ფაქტობრივად, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა და მასზე სრული გავლენის დამყარება, მაგრამ როდესაც ამის მიღწევა შეუძლებელია, მას შემოაქვს სიტყვა ნეიტრალიტეტი, თორემ სინამდვილეში, რუსეთისთვის ნეიტრალიტეტი არ იყო ისეთი მიზანი, რომელსაც ის დათანხმდებოდა“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.