ბაიკალის ტბაში ახალი, გიგანტური ტელესკოპი ჩაძირეს, რომელიც ღრმა კოსმოსს შეისწავლის — #1tvმეცნიერება
რუსმა მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა ტელესკოპი აამოქმედეს, რომელიც სამყაროს სიღრმეში ბაიკალის გამჭვირვალე წყლიდან გაიხედავს.
წყალქვეშა ტელესკოპის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი ამ დროისათვის ცნობილი უმცირეს ნაწილაკებზე, ნეიტრინოებზე დაკვირვებაა.
ტელესკოპის სახელია ბაიკალ-GVD და ის ბაიკალის ტბის სანაპიროდან ოთხი კილომეტრის შიგნით, 750-1300 მეტრ სიღრმეზე ჩაძირეს.
ნეიტრინოების დაფიქსირება ურთულესია და წყალი ამისათვის იდეალური სივრცეა.
წყალში მოცურავე ობსერვატორია შედგება სფერული მინების მქონე სიმებისა და მათზე მიმაგრებული უჟანგავი ფოლადის მოდულებისგან.
13 მარტს, მოდულები გაყინული ტბის სიღრმეში ზედაპირის ყინულზე ამოჭრილ მართკუთხა ხვრელში ჩაუშვეს.
მკვლევარ დიმიტრი ნაუმოვის განცხადებით, ნეიტრინოების ტელესკოპი ნახევარი კუბური კილომეტრის ზომისაა, მაგრამ უახლოეს წლებში მას კილომეტრამდე გაზრდიან.
ბაიკალის ტელესკოპი კონკურენციას გაუწევს Ice Cube-ს, ნეიტრინოების კიდევ ერთ გიგანტურ ობსერვატორიას, რომელიც სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდის ყინულებშია ჩამარხული აშშ-ის კვლევით სადგურზე.
რუს მეცნიერთა განცხადებით, მათი ტელესკოპი ნეიტრინოების უდიდესი დეტექტორია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ბაიკალის ტბა, მსოფლიოს უდიდესი მტკნარი ტბა კი იდეალური ადგილია ამ სახის ობსერვატორიის განსათავსებლად.
„ბაიკალი ერთადერთი ტბაა, სადაც მისი სიღრმიდან გამომდინარე შესაძლებელია ნეიტრინოების ტელესკოპის განთავსება. მნიშვნელოვანია მტკნარი წყალი და მისი გამჭვირვალობაც. ასევე უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ეს ტბა რამდენიმე თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული“, — ამბობს მკვლევარი ბაირ შოიბონოვი.
ტელესკოპი ერთობლივად, თანამშრომლობის შედეგად შექმნეს მეცნიერებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.