მიუნხენის “ბაიერნი” აგრძელებს სამ ფრონტზე წარმატებით თამაშს. ბუნდესლიგაში ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, იუპ ჰაინკესის გუნდმა გერმანიის თასის ფინალში გააღწია მას შემდეგ, რაც სტუმრად 6:2 გაანადგურა “ლევერკუზენი”.
უკვე მე-9 წუთისთვის “ბაიერნი” რობერტ ლევანდოვსკის დუბლით 2:0-ს იგებდა. მე-16 წუთზე ლარს ბენდერმა ერთი ბურთი გაქვითა.
მიუნხენელები კარგა ხანი ვერ ახერხებდნენ უპირატესობის განვრცობას, მაგრამ 52-ე წუთიდან 64-მდე თომას მიულერმა ორჯერ და ტიაგო ალკანტარამ გაიტანეს და ანგარიში 5:1 გახდა.
72-ე წუთზე ლეონ ბეილიმ შეამცირა სხვაობა, მაგრამ შვიდ წუთში მიულერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ფინალში “ბაიერნის” მეტოქე ოთხშაბათს გაირკვევა, როცა “შალკე” შინ მიიღებს “აინტრახტს“.
შიდა არენაზე წარმატების გარდა, “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც მადრიდის “რეალს” შეხვდება.