ბაგრატიონებს შორის სასამართლო დავის ფარგლებში ხვალ აკადემიკოსები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სარჩელის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ხვალ აკადემიკოსები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.
იურიდიულ კომპანია „სამართლის გზაში“, რომელიც ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს იცავს, აცხადებენ, რომ როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური სასამართლოზე სპეციალისტების სტატუსით არიან მიწვეულნი.
„დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აღნიშნავენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.
სასამართლო დავის თემაზე დღეს კომენტარები გააკეთეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ინტერესების დამცველებმა.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის, ლევან გორელაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.
რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ლევან ჩხეიძის თქმით, ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.