ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები „სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობისთვის“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები „სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობისთვის“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის“ სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აცხადებენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.

მათივე ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

„სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში. მოსარჩელეების, ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი“, – აღნიშნულია იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ ინფორმაციაში.