ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 50-ე ბაღის აღმზრდელს ღამის დარაჯის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, რითაც შრომის კოდექსი ირღვეოდა
ზაჰესის 50-ე საჯარო ბაღში აღსაზრდელების მშობლებმა ერთ-ერთი აღმზრდელისა და დამლაგებლის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი შესაბამის პასუხებს ბაღის დირექტორისგან ითხოვენ.
გათავისუფლებული აღმზრდელი თამუნა ასანიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი თქმით, ორი კვირის წინ მათი გამგე გაათავისუფლეს, რომელსაც მან მხარი დაუჭირა.
„რამოდენიმე კვირის წინ ჩვენი ბაღის გამგე გაათავისუფლეს და ჩვენ მას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, შემდეგ მოხდა ისე, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებითაც მოგვიწია განცხადების გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ამ საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი, რადგანაც დარღვევები, რომლებიც ბრძანებაში მიწერია, აღმოჩენილია ზაფხულში, ივნისში და ამის შემდეგ კი არ მოხდა რეაგირება, არამედ – გუშინ, როცა გამათავისუფლეს.
გამგე ალბათ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან არ აიძულა თანამშრომლები, შემოეხაზათ მათთვის სასურველი კანდიდატი და მოგვცა ნება, ჩვენი აზრი თავად გამოგვეხატა. მივმართავ სააგენტოს, სასამართლოსაც, შევიტან სარჩელს და ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის“, – აცხადებს თამარ ასანიძე.
ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მეგი გვრიტიშვილი ამბობს, რომ თამარ ასანიძე სამსახურიდან კონკრეტული დარღვევების გამო გათავისუფლდა.
„პრეტენზია არის სრულიად უსაფუძვლო, ამას სასამართლო დაადასტურებს. რა დარღვევები ჰქონდა, ამის შესახებ არ მინდა, კამერასთან ვისაუბრო. მეორე თანამშრომელს რაც შეეხება, ამ ქალბატონს შემცირება შეეხო“, – განაცხადა მეგი გვრიტიშვილმა.
გათავისუფლებული თანამშრომლებისა და მშობლების პრეტენზიებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უპასუხეს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის თქმით, აღმზრდელს შეთავსებული ჰქონდა დარაჯის ფუნქციაც, რომელსაც რეალურად არ ახორციელებდა, ასევე, ირღვეოდა შრომის კოდექსი.
„არსებობს საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, აღმზრდელს ჰქონდა შეთავსებული ღამის დარაჯის ფუნქცია. აქედან გამომდინარე იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის შრომის კოდექსის დარღვევა, არსებობს კონკრეტული საათები, რომლის გამოყენებაც მაქსიმალურად არის შეზღუდული, ეს არის 40 საათი. რეალურად, ის არ ასრულებდა ფუნქციას და აქედან გამომდინარე იყო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.
50-ე საჯარო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტეს, არჩევნებისთვის ემზადებიან და ამიტომ, სანიტარული დღე გამოცხადდა.