ირაკლი ბენდელიანი - ბაღების მართვის სააგენტო ამ ეტაპზე მენიუს გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს
ირაკლი ბენდელიანი - ბაღების მართვის სააგენტო ამ ეტაპზე მენიუს გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს

მენიუ ბაღების მართვის სააგენტოს ერთი, ან ორი თანამშრომლის მიერ შედგენილი არ არის, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„მენიუს მიღება ექსპერტების რეკომენდაციებისა და სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინებით, მათი უშუალო ჩართულობით ხდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, ბაღების მართვის სააგენტო ამ ეტაპზე მენიუს გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დასაბუთებული იქნება და ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე მენიუს შეცვლა შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ გადაცემაში სტუმრად მყოფ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელს, თეა ბითაძესაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ბავშვები ძველ მენიუს იყვნენ მიჩვეული და მათი უმრავლესობა ახალ მენიუში შეტანილ საკვებს არ მიირთმევს.

„თქვენ თქვით, რომ მენიუში დილით მოხსნილია ჩაი და კარაქიანი პური, რომლის მიღებას ბავშვები მიჩვეული იყვნენ, ფაფებს კი არ მიირთმევენ. ჩვენ ყველანი მშობლები ვართ, გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და დამეთანხმებით, არ არსებობს საკვები, რომელსაც ბავშვების 100% მიირთმევს. პირობითად, მაგალითად, ჩემს შვილს კარაქიანი პური საერთოდ არ უყვარს. თქვენს შვილს კი მაგალითად, შესაძლოა, წიწიბურას ფაფა არ უყვარდეს. ეს დავის საგანი იქნება მანამ, სანამ საქმე ამ სახის მომსახურებასთან გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.