თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბრისთვის იგეგმება
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.
ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.
რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.