თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო [ფოტო]
თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო [ფოტო]

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. დღეს დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებებით დახვდნენ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, 60 000-მდე აღსაზრდელს თბილისის ბაგა-ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდათ, ასევე დაემატება ახალი ბაღები. ერთ-ერთი არის სამგორის რაიონში N130 საბავშვო ბაღი, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. ღონისძიებას მერი მოადგილესთან, კახაბერ გულედანსა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთნ, გოგი ჩიქოვანთან ერთად დაესწრო და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, N130 საბავშვო ბაღში დღეიდან 300-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღი აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შენობაში დამონტაჟებულია უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა – HACCP-ი; ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია შშმპ და სამზარეულოს ლიფტები, მოწყობილია ღია ტერასა მეთოდური აქტივობებისათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო თანამედროვე სათამაშო მოედნებით, საბავშვო ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით, ასევე მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემით.

როგორც მერიაში აცხადებენ, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში მდებარე ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა და მის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტის ღირებულება 3 695 703 ლარია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თბილისში ასევე გაიხსნება N125 ბაღის ახალი შენობა და ამოქმედდება სრულიად ახალი, N108 საბავშვო ბაგა-ბაღი. ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რათა პატარებმა კიდევ უფრო კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.