ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით ექსპერტი დაკითხეს
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ექსპერტი დაკითხეს. ექსპერტის დაკითხვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა, მათ შორის აუდიოჩანაწერის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაშვებულად ცნო.
დაცვის მხარის თქმით, ექსპერტმა დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ექსპერტიზა არასათანადოდ არის ჩატარებული.
„მთლიანად დადასტურდა ის გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი მერებაშვილის ხმა სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტს გაიგივებული აქვს ხუთი სხვადასხვა პირის ხმასთან. ასევე დადგინდა, რომ შეუძლებელია მოხდეს ამ ხმებით პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან, საკმაოდ დიდი ხანია ჩანაწერიდან გასული და ასევე შესრულებულია იმ ფორმატის ჩანაწერში, სადაც ხმის იდენტიფიკაცია ფაქტობრივად შეუძლებელია. მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარეს საკმაო მტკიცებულებები არ გააჩნია. ეს საქმე არ არის გამოძიებული და შეთითხნილია“, – განაცხადა ადვოკატმა, კახა ხვისტანმა
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი არ ეთანხმება ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას და მიიჩნევს, რომ არასრულყოფილია.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტი ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა მოიცავდა მხოლოდ ყურსასმენს და ყურსასმენის მეშვეობით დაადგინა, რომ ჩანაწერში მონაწილე პირები, კონკრეტულად ეს ბრალდებულები არ არიან. ამ მოცემულობას შეგვიძლია მივცეთ მხოლოდ ერთი შეფასება, ეს ქალბატონი არის დაინტერესებული პირი, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა სამინსიტროს, საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი და მოგეხსენებათ, რომ ეს პიროვნება ისევე როგორც საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულები მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წინა ხელისუფლების დროს. სხვა ახსნა ამ ექსპერტიზას არ აქვს. როდესაც დასრულდება საქმე, ჩვენ ამ ცრუ და ყალბ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება. გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.
ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს ჩანაწერი დაეხმარა უწყებას საქმის გახსნაში და ის 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.