ბაჩუკი ქარდავა - თუ რამე დოკუმენტაციაა პარტიიდან წარდგენილი, ეს ალბათ კანონის მოთხოვნა იყო, მაგრამ ეს არ არის ხელფასის მოთხოვნა, მათ ხელფასს არ მივიღებ
თუ რაღაც დეკლარაცია ან დოკუმენტაცია იყო წარდგენილი, ეს არ არის მოთხოვნა ხელფასის დარიცხვასთან დაკავშირებით, ასეთი მოთხოვნა არ გაკეთებულა. თუ რამე დოკუმენტაციაა პარტიიდან წარდგენილი, ეს ალბათ კანონის მოთხოვნა იყო და მას წარადგენდნენ აუცილებლად, მაგრამ ეს არ არის ხელფასის მოთხოვნა და მათ ხელფასს არ მივიღებ, – ამის შესახებ ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.
ქარდავას თქმით, მას პარლამენტისთვის ხელფასი არ მოუთხოვია.
„მედიიდან პირველი ზარები რაც განხორციელდა ჩემთან, მათ მითხრეს, რომ კობახიძემ გაავრცელა ეს ინფორმაცია არაფორმალურად. მე მინდა გითხრათ, რომ მას რაღაცები ეშლება და რამსები აერია. კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიან უნდათ, რომ ოპოზიცია იხილონ პარლამენტში, მაგრამ მე პირადად ჩემი მხრიდან შემიძლია ვუთხრა, რომ ბაჩუკი ქარდავა არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ნამდვილად არასდროს გახდება და არც არალეგიტიმური პარლამენტისგან დარიცხულ ხელფასს მიიღებს, როგორც კანონიერ ანაზღაურებას. თუ რაღაც დეკლარაცია ან დოკუმენტაცია იყო წარდგენილი, ეს არ არის მოთხოვნა ხელფასის დარიცხვასთან დაკავშირებით, ასეთი მოთხოვნა არ გაკეთებულა. თუ რამე დოკუმენტაციაა პარტიიდან წარდგენილი, ეს ალბათ კანონის მოთხოვნა იყო და მას წარადგენდნენ აუცილებლად, მაგრამ ეს არ არის ხელფასის მოთხოვნა და მათ ხელფასს არ მივიღებ. და თუ მაინც ძალით მოგვცემენ, იმიტომ რომ სხვა დეპუტატებს მისცა პარლამენტმა, მაშინ აუცილებლად, გპირდებით, რომ შევიძენ საგაზაფხულო აქციებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას, რომელსაც ერთადერთი წარწერა ექნება – ძირს ბიძინა ივანიშვილი.
ისე რეალურად, ალბათ ეს ხელფასი ჩემს ჯიბეში არ მოხვდება, იმიტომ რომ მე მას არ მოვითხოვ. ხელფასს არ ავიღებ, მაგრამ თუ პინგ-პონგი დაიწყება, ხო ვხედავ რა პინგ-პონგიც არის, ურიცხავენ რიგ ოპოზიციონერებს, ოპოზიციონერები აბრუნებენ უკან. არ ვიცი, უბრალოდ სასაცილოა ამ ქვეყანაში რაც ხდება დღეს, მაგრამ მაშინ, როდესაც საფუძველში არის უკანონობა ჩადენილი და ეს უკანონობა ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, მას უკანონობა და კასკადი მოსდევს ხოლმე და ალბათ, სამწუხაროდ ესეც ჩვენი სახადია“, – განაცხადა ქარდავამ.
კითხვაზე, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ქარდავამ აღნიშნა, რომ თუ მის ხელში აღმოჩნდებოდა აღნიშნული თანხა, აქციებისთვის აღჭურვილობას შეიძენდა, ქარდავა აცხადებს, რომ ეს პერმორმანსი იყო.
„ეს გარკვეული პერფორმანსია ჩემი მხრიდან. ნებისმიერი თანხა, რომელიც ჩემს ხელში აღმოჩნდება, აუცილებლად გახარჯული იქნება საგაზაფხულო აქციების სიმწვავისთვის და არა პირადი ანაზღაურებისთვის“, – აღნიშნა ქარდავამ.
არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.