ბაჩუკი ბეგიშვილი - საერთოდ, ანაფლაქსიური შოკი შეიძლება, ყველაფერზე მოხდეს - თხილზე, ვაშლზე, წამალზე, მაგრამ მთავარია, შესაბამისი საშუალებები დროულად იყო მიწოდებული თუ დაგვიანებით
ბაჩუკი ბეგიშვილი - საერთოდ, ანაფლაქსიური შოკი შეიძლება, ყველაფერზე მოხდეს - თხილზე, ვაშლზე, წამალზე, მაგრამ მთავარია, შესაბამისი საშუალებები დროულად იყო მიწოდებული თუ დაგვიანებით

საერთოდ, ანაფლაქსიური შოკი შეიძლება, ყველაფერზე მოხდეს – თხილზე, ვაშლზე, წამალზე, – ამის შესახებ ლონდონის იმპერიალ კოლეჯის წმინდა მარიამის საავადმყოფოს ალერგოლოგმა, ბაჩუკი ბეგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბაჩუკი ბეგიშვილმა ისაუბრა საქართველოში მედდის გარდაცვალების ფაქტზე და მიუსამძიმრა მის ოჯახსა და შვილებს.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს, შვილებს. ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული მედპერსონალი იყო ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც თავისი მაგალითით სხვა მედპერსონალს მაგალითი მისცა, რომ აცრა აუცილებელია. მართლა ხდება ასეთი ტრაგედიები, მაგრამ მილიონში ერთხელ“, – აღნიშნა ბეგიშვილმა.

ალერგოლოგის თქმით, ამ შემთხვევაში მთავარია, შესაბამისი საშუალებები დროულად იყო მიწოდებული თუ დაგვიანებით.

„საერთოდ, ანაფლაქსიური შოკი შეიძლება, ყველაფერზე მოხდეს – თხილზე, ვაშლზე, წამალზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც არის გამონაყარი, ენის შესივება, სუნთქვის გაჭირვება, წნევა დაბლა ვარდება და ა.შ. იმ წუთშივე, რა თქმა უნდა, პირველი არის ადრენალინი, სტეროიდები და ანტიჰისტამინი. იმედია, იმ მედპერსონალმა ეს ყველაფერი გამოიყენა, მაგრამ მთავარია, დროულად იქნა მიწოდებული თუ დაგვიანებული იყო, რადგან ინფორმაცია იყო, თითქოს, 30 წუთის მერე მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ბეგიშვილმა.

ალერგოლოგის თქმით, ინგლისში არის პროტოკოლი, რომლითაც ვაქცინაციის შემდეგ პაციენტი შენობაში მხოლოდ 15 წუთი რჩება. 

„კარგია, რომ თქვენთან ნახევარი საათია პროტოკოლით. აქ მხოლოდ 15 წუთია. ეს ქალბატონი რომ ინგლისში ყოფილიყო, 15 წუთის შემდეგ სახლში გაუშვებდნენ. თუ მას ეს ნახევარი საათის შემდეგ მოუვიდა, ესეც გასაოცარია“, – განაცხადა ბეგიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია გვერდითი მოვლენების გართულების მართვის პროტოკოლი და ხშირია თუ არა პროტოკოლის დარღვევის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში, სადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უკვე ასეულობით ათასი ადამიანი აიცრა, ბაჩუკი ბეგიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ნაკლებადაა.

„რამდენადაც მახსოვს, აქ უკვე 26 მილიონი ადამიანი აიცრა და აქედან, მე მგონი, დაახლოებით, 600-მდე შემთხვევა იყო ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციის და ისინი, ყველა მართვადი იყო. ლეტალური შემთხვევა ჯერჯერობით, არ ყოფილა, კიდევ კარგი, მაგრამ ანაფილაქსიური რეაქციები იყო“, – განაცხადა ბეგიშვილმა.

შეკითხვაზე, როგორია ევროპული საზოგადოების განწყობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართ, ბეგიშვილმა აღნიშნა, რომ თრომბოემბოლიების ვაქცინაცინასთან პირდაპირი კავშირები არსად არ აღმოჩნდა და გუშინდელი დღიდან საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით აცრა განაახლეს.

როგორც ალერგოლოგმა აღნიშნა, აუცილებელია ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინაცია საჭიროა, რათა ქვეყანა გაიხსნას, ბიზნესი ამუშავდეს, ადამიანები გარეთ გამოვიდნენ და ა.შ.

„იმისთვის, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს, ადამიანებმა თავიანთი ნათესავები, მეგობრები, ბებიები და ბაბუები ნახონ და მათ ჩაეხუტონ, ამის საშუალებას მხოლოდ დიდი რაოდენობით ადამიანების ვაქცინაცია მოგვცემს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. აგერ, ინგლისში, უკვე 25 მილიონ კაცს აქვს აცრილი, საქართველო კი პატარა ქვეყანა ვართ და დიდი შანსია, რომ ყველა ავცრათ, ვინც საჭიროა“, – განაცხადა ბეგიშვილმა.

ალერგოლოგის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვაქციანაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდეს.

„ეს ალბათ, კარგი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ხალხი ფსიქოლოგიურად უფრო დაწყნარდება, აი, საავადმყოფოში მივდივარ და იქ მიცრიანო. თუ რაღაც მოხდა, იქ მთელი აპარატურაა, ექიმები იქ არიან და უსაფრთხოა. თუმცა, ინგლისში სტადიონებზე, სკოლებში, ეკლესიებში და ყველგან ცრიან. რა თქმა უნდა, იქ ექიმებიც არიან, ადრენალინი, სტეროიდები, ანტიჰისტამინები აქვთ და თუ რაღაც სასწაული მოხდა, რა თქმა უნდა, პაციენტს სასწრაფო გადაიყვანს საავადმყოფოში, მაგრამ საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად უფრო გამართული ვიყოთ, ეს ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბეგიშვილმა.

ალერგოლოგის თქმით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება.

„სხვანაირად არ გამოდის. ჩემი ღრმა რწმენით, ვაქცინის გარეშე ამას არაფერი არ ეშველება“, – განაცხადა ბაჩუკი ბეგიშვილმა.