იქ, სადაც მეორე ტური გვაქვს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ დავიწყეთ მობილიზება პარტნიორ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და გაცილებით გამსხვილებული და ენერგიული, მრავალფეროვნებით წარვდგებით ამ კონკრეტულ მეორე ტურში, განახლებული საარჩევნო კამპანიით“, – განაცხადა დოლიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, გიორგი გახარიას ამომრჩევლებმა მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ეს ძნელად წარმოუდგენია მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ათასგვარი ჭორი მოისმინეს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დააზარალა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ იმ თვალსაზრისით, რომ მოხდა „ქართული ოცნების“ ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პათოსს აბსოლუტურად არ იზიარებს.
„პირიქით, მე დავინახე ჩვენი პარტიის ძალიან მობილიზებული მხარდამჭერები. ჩვენი ამომრჩეველი ძალიან მობილიზებული იყო და ეს მობილიზება მეორე ტურისთვის გაათმაგებული იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
შეკითხვაზე, როგორ ესახება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმის განცხადებები, რომ კატეგორიულად გამოირიცხება მისი თუნდაც, ექსტრადირება, დოლიძემ განაცხადა, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი თავად არის უარზე, ხოლო გათავისუფლებას რაც შეეხება, თუ ვინმე რამეს აშავებს, მისი საქმე დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა უნდა განსაჯონ და ამისთვის ცვლილებებია საჭირო.
„ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ, როგორც ახალ თვითმმართველ მმართველობას, ასევე, დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ დონეზეც მალე მივიღებთ როგორც რიგგარეშე არჩევნებს, ასევე, შემდგომ უკვე მრავალფეროვან, მრავალპარტიულ ახალ მთავრობას, რომელიც მიხედავს აბსოლუტურად ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩამოშლილია“, – განაცხადა დოლიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ვადაში ესახება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ძალიან მალე.
„კონკრეტულად დღეებით და თვეებით ვერ ვიტყვი ახლა, თუმცაღა, ძალიან მალე. მე ამას ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება არაპოლიტიზებული ინსტიტუტები, რომლებიც თითოეულ ადამიანს სამართლიანად მიუდგებიან და არა პოლიტიზებულად“, – განაცხადა დოლიძემ.
შეკითხვაზე, გავა თუ არა ოპოზიცია ქუჩაში იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში მათი კანდიდატი თუნდაც, რამდენიმე ქალაქში გაიმარჯვებს და გახდება თუ არა ამ შემთხვევაში აქციების მთავარი ხაზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტს დააკომპლექტებს.
„ჩვენი კანდიდატები აბსოლუტურად ყველგან გაიმარჯვებენ. ეს ერთი და მეორე, ჩვენ დავაკომპლექტებთ ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური წარმომადგენელი, რომელიც პასუხობს კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს, იმ კონკრეტულ დარგში, რა დარგიც ექნება ჩაბარებული. ეს გაცილებით მეტ სტიმულსაც მისცემს იმისთვის, რომ ეს გამსხვილება და ერთიანობა იყოს არა თეორიული რაღაც ნაწილი, არამედ პრაქტიკაში მოყვანილი მაგალითი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.