ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში საქმის მასალებს ხვალ გაეცნობა
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში საქმის მასალებს ხვალ გაეცნობა. როგორც შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების საქმის მასალების გასაცნობად საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე მივა.
„ადვოკატთან ერთად ვაპირებ მივიდე პროკურატურაში და გავეცნო საქმის მასალებს. უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა იმ თვალსაზრისით, რომ დაზარალებულად არ ვარ ჩართული საქმეში ოფიციალურად, მაგრამ საქმის გასაცნობად დამიბარეს. აუცილებლად მივალ, თუმცა ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ საქმის გაცნობა არ არის. ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს, ბრალის წარდგენას კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში.
12:00 საათისთვის მივალ გენერალურ პროკურატურაში. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რაც პროკურატურამ შემოგვთავაზა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრის გამოკითხვაა, რაც არ მომხდარა პროკურატურის მიერ. საქმის გაცნობის შემდეგ შეგვეძლება დეტალებზე საუბარი რა არ გაკეთდა და რა უნდა გაკეთებულიყო ამ საქმეში“,- განუცხადა შენგელიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
გენერალური პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების საქმის მასალების გასაცნობად საგამოძიებო უწყებაში მივიდეს.
უწყების ცნობით, 2018 წლის ნოემბერში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი.