აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ მოხვდა
აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ მოხვდა

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი „ნამე” აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

ოჯახის ისტორია, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა მრწამსით ცხოვრობენ, ზაზა ხალვაშის ფილმის მთავარი თემაა. სამი ძმიდან ერთი მუსლიმია, მეორე ათეისტი, მესამე კი, მართლმადიდებელი. ნამე სოფლის  მკურნალია, ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი.

მისტიკური ფილმის მთავარი გმირი სწორედ ნამეა. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ადამიანებს ჯადოსნური წყლისა და თევზის მეშვეობით კურნავს. სურათში მოქმედება აჭარის მაღალმთიან ზონაში მიმდინარეობს. მაყურებელმა სურათი პირველად ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახა.

ნამეს“ პრემიერის შემდეგ პრესამ კინოსურათის შესახებ საინტერესო რეცენზიები გამოაქვეყნა.

„ბუნების ლამაზი კადრები ქართულ ფილმებში მხოლოდ ლამაზ კადრებად რჩებოდა ყოველთვის, მაგრამ ზაზა ხალვაშმა „ნამეში“ შეძლო, ბუნება და ადამიანი მხატვრულ სახეებად ექცია“, – ასე შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა ნაშრომი.