The Hollywood Reporter-მა „ოსკარის“ ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან გასაგზავნ ფილმ „ნამეს“ სტატია მიუძღვნა
The Hollywood Reporter-მა „ოსკარის“ ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან გასაგზავნ ფილმ „ნამეს“ სტატია მიუძღვნა

The Hollywood Reporter-ი ზაზა ხალვაშის ფილმს – „ნამეს“, რომელიც საქართველოდან „ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება, ვრცელი სტატია მიუძღვნა.

გამოცემა წერს, რომ ფილმის საერთაშორისო პრემიერა ტოკიოს კინოფესტივალზე შედგა. ფილმი საქართველოს მთებში მცხოვრები ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც მამას მისი შვილის დახმარებით უცნაურ პრობლემებთან გამკლავება უწევს. ნამე ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგოა, რომელიც სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს. სურათი საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოებია.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს ექვსი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კი, კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ შეარჩია.

მოხვდება თუ არა ქართული ფილმი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, დეკემბერში გაირკვევა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. წლის მთავარ კინომოვლენას ტრადიციულად, დოლბის თეატრი უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი