აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში კლიმატგამძლე წყლის სისტემის განსავითარებლად მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში კლიმატგამძლე წყლის სისტემის განსავითარებლად მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ინფორმაციას ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

„სერტიფიცირებული მწვანე ობლიგაციების, საქართველოს კერძო კორპორაციის მიერ გამოშვებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციების მიზანია თბილისსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემის გაუმჯობესება, მიწისზედა და მიწისქვეშა წყლის რესურსების კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაზრდა.

დაფინანსება გულისხმობს 20 მილიონი დოლარის სავალო ინვესტიციას ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდი 2-დან, რომელსაც ADB იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო მართავს. ინვესტიცია GGU-ს მიერ განთავსებული ხუთწლიანი $300-მილიონიანი ობლიგაციის ნაწილია. შემოსული თანხა მოხმარდება თბილისსა და მის შემოგარენში წყალმომარაგების ქსელის განახლებას, რაც 1.4 მილიონამდე მცხოვრებელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ობლიგაციის გამოშვებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის საინვესტიციო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

როგორც ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურიმ განაცხადა, ADB-ის წამყვანი ინვესტიცია GGU-ს მწვანე ობლიგაციებში გააძლიერებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მიმართ საერთაშორისო ნდობას და გაზრდის ქვეყნის კლიმატმედეგობას.

„ეს ინვესტიცია FCC Aqualia-სთან ახალი თანამშრომლობის დასაწყისია და განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას სს საქართველოს კაპიტალთან. ADB მხარს უჭერს განვითარებად წევრ ქვეყნებში შიდა და უცხოური კერძო კაპიტალის მობილიზებას მომგებიანი და შედეგიანი განვითარების პროექტების განსახორციელებლად“, – განაცხადა სიუზან გაბურიმ.

ADB 2019 წლიდან უძღვება საქართველოში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) თემატიკის ობლიგაციების ბაზრის განვითარებას. ADB-ს გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებაში, როგორებიცაა პირველი და ყველაზე მსხვილი მწვანე, გენდერული და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები აშშ დოლარსა და ადგილობრივ ვალუტაში. GGU-ს მწვანე ობლიგაცია სერტიფიცირებულია Det Norske Veritas-ის მიერ და შეესაბამება კაპიტალის ბაზრების ასოციაციის მწვანე ობლიგაციების პრინციპებს. მწვანე ობლიგაციები იმ პროექტების დასაფინანსებლად გამოიყენება, რომელთაც წვლილი შეაქვთ კლიმატის მიზნების მიღწევაში.

FCC Aqualia S.A.-ს ფინანსურმა დირექტორმა, ისიდორო მარბანმა აღნიშნა, რომ GGU-ს მწვანე ობლიგაციის მიზანია მსხვილი ინვესტიციების დაფინანსება, რაც გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის წვდომას სუფთა სასმელ წყალზე და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ქვეყნის ადაპტაციას.

„ეს გამორჩეული ტრანზაქცია ხელს უწყობს მდგრად ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტანდარტებს საქართველოსა და კავკასიაში. ADB-ს მხარდაჭერის მადლობელი ვართ და ველოდებით მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას კლიმატის ინვესტიციების მიმართულებით“, – განაცხადა ისიდორო მარბანმა.