აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი „მოამბის“ ნახვა 1TV.GE-ზე მაისიდან იქნება შესაძლებელი
17:55, 18.04.2018
პირველი არხის პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მომზადებული აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი „მოამბის“ ნახვა პირველი არხის ვებგვერდზე 1TV.GE მაისიდან იქნება შესაძლებელი.
გამოშვებები ყოველდღე, 20:00 საათზე დაიწყება და მაყურებელი ვებგვერდის შესაბამისი ენის განყოფილებაში ნახავს.
„ვფიქრობ, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის, რადგან გულისხმობს მათთვის გასაგებ ენებზე ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიწოდებას“, – ამბობს სომხურენოვანი მოამბის წამყვანი ნანა აკოფიანი.
აზერბაიჯანულენოვანი „მოამბის“ წამყვანი ემმა ბაირამოვა კი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი „მოამბის“ საშუალებით ეთნიკური უმცირესობები ობიექტურ ახალ ამბებს მოისმენენ.
„ამ სიახლეს კიდევ ერთი, ძალიან პოზიტიური მხარე აქვს – ეთნიკურ უმცირესობებს გაუჩნდებათ სასიამოვნო განცდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათიც არის და ისინიც ამ ქვეყნის საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი არიან. ვფიქრობ, ეს ენობრივ ბარიერზეც მნიშვნელოვანია“, – ამბობს აზერბაიჯანულენოვან „მოამბის“ წამყვანი ემა ბაირამოვა.