აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა.
მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი დღეს ადგილობრივი დროით 16:00-ზე გაუხსნეს.
„სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა აზერბაიჯანელი სამხედროები საპასუხო ზომებს მიმართავენ.
„ასეთი პროვოკაციებით სომხური მხარე მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვას“, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისიდან დაძაბულია. მაშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სიუნიქის რაიონში სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.