აზერბაიჯანის საგარეო უწყება კატრინ კოლონას სომხეთთან დაკავშირებით მიკერძოებულ განცხადებებში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის საგარეო უწყება კატრინ კოლონას სომხეთთან დაკავშირებით მიკერძოებულ განცხადებებში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას სომხეთთან დაკავშირებით მიკერძოებულ განცხადებებში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, საფრანგეთი, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა აზერბაიჯანელების ძალისმიერი მასობრივი დეპორტაცია მათი სამშობლოდან, ისევე როგორც ომის დანაშაულები და მათ წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა თითქმის 30 წლის განმავლობაში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სომეხი მცხოვრებლები, რომლებიც ნებაყოფლობით გავიდნენ რეგიონიდან, იძულებით გადაადგილდნენ.

„სომხეთის შეიარაღებით მომარაგების მცდელობა და ამ ქვეყნის მორიგი აგრესიისა და სამხედრო ავანტიურისკენ წაქეზება საფრანგეთის მხრიდან დაუშვებელია. როგორც საფრანგეთის წინა მცდელობა, ჩარეულიყო ჩვენს რეგიონში, ამ ტიპის ძალისხმევის გარდაუვალი მარცხი ნათელი უნდა იყოს საფრანგეთისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.