აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - სომხეთის საგარეო უწყებას ვურჩევ, გაეცნოს სამი ქვეყნის ლიდერების, მათ შორის სომხეთის მხრიდან ხელმოწერილ შეთანხმებას
მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელების ვიზიტებზე კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაიევამ განაცხადა.
ლეილა აბდულაიევამ უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტი შუშაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.
„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევ, გაეცნოს სამი ქვეყნის ლიდერების, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელმოწერილ ერთობლივ შეთანხმებას და აღნიშნულის შესასრულებლად შესაბამისი ზომები მიიღოს. სომხეთმა რეალური ვითარების გააზრების საფუძველზე და არა ილუზიებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მიერ შუშაში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აბდულაევამ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შუშაში ვიზიტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ვიზიტს გმობს და რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების მიმართ პროვოკაციად აფასებს.