სომხეთის საგარეო უწყება ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
სომხეთის საგარეო უწყება ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გავრცელებულ განცხადებაში.

„ვუსამძიმრებთ საქართველოს, ქალაქ ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.