სომხეთის საგარეო უწყება - არარატ მირზოიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების საკითხები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალი დონის გამო და დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გააქტიურება და ორმხრივი ოფიციალური ვიზიტები ხელს შეუწყობს მრავალსექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას და განსაკუთრებით აღინიშნა სომხურ-ქართული სამთავრობოშორისი კომისიის მუშაობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასთან და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არაერთი საკითხი განიხილეს.
არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მასპინძლობისთვის, შეხვედრის მასპინძლობის მზადყოფნისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების თაობაზე.