დღეიდან ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ლოგისტიკური ბიზნესისა და გადაზიდვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელებისა და გადადგმის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაზე შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
მათივე ცნობით, ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ ავტოტექმომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ).