ავტოავარიის შედეგად დაღუპული ნინო რობაქიძის ძმა საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
ავტოავარიის შედეგად დაღუპული ადვოკატის, ნინო რობაქიძის ძმა პროკურატურას მიმართავს.
მამუკა რობაქიძის განცხადებით, წელიწადისა და შვიდი თვის წინ თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მისი და ნინო რობაქიძე, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო, დაიღუპა.
გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ამ დრომდე გამოძიება დასრულებული არ არის და მძღოლი, რომელიც ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსს მართავდა, არ დაუკავებიათ.
ნინო რობაქიძე მომხდარიდან მეათე დღეს გარდაიცვალა.
მამუკა რობაქიძე ხელისუფლებას და საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ და მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გამოიკვეთოს და დაისაჯოს დამნაშავე.