„ავთანდილ ხურციძე ნამდვილი „ჩაქუჩი“ იყო ნიუ იორკში“ - ექსკლუზიური რეპორტაჟი აშშ-ის სასამართლოდან
„ავთანდილ ხურციძე ნამდვილი „ჩაქუჩი“ იყო ნიუ იორკში“ - ექსკლუზიური რეპორტაჟი აშშ-ის სასამართლოდან

მანჰეტენზე მდებარე ნიუ იორკის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა მისი დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე დაიწყო. ღია სხდომას პირველი არხის ჟურნალისტი დაესწრო. აღმოჩნდა, რომ ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებენ. პირველი პროცესი ნაფიცი მსაჯულების თანდასწრებით დღეს გაიმართა და მას ორივე ბრალდებული, პატიმრობაში მყოფი – რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე ესწრებოდნენ.

კრიმინალური საქმე – რა მოხდა ერთი წლის წინ ივნისში

2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური სპეცოპერაცია, ერთდროულად რამდენიმე შტატში ჩატარდა. ცნობილი გახდა, რომ 33 დაკავებულ პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილი. დაპატიმრებულ პირებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის იყო კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.

ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული გვარის მქონე, რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“, რომლის დაკავებაც ნიუ იორკში მოხდა, საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

ქართველი სპორტსმენების საქმე ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მაყაშვილი მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. ხურციძე კი უკვე ერთი წელია ნიუ იორკის ციხეში ზის. საპატიმროში ყოფნამ მას ჩემპიონის ტიტული დააკარგვინა. იმის გამო, რომ ხურციძემ ქამრის დაცვა ვერ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) მას ჩემპიონის სტატუსი ჩამოართვა. ამერიკულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზეც უარი უთხრა. ის ჯერ ბრუკლინში მდებარე საპატიმროში, ცოტა ხნის წინ კი სასამართლოსთან ახლოს, მანჰეტენზე მდებარე ციხეში გადაიყვანეს. ის დღემდე საკუთარ საქმეზე სასამართლო განხილვების დაწყებას ელოდებოდა.

რა ხდებოდა პირველ სასამართლო სხდომაზე

სხდომა მოსამართლე ქეთრინ ფორესთმა გახსნა. მან დეტალურად აუხსნა ნაფიც მსაჯულებს, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ. აუხსნა, რომ ეკრძალებათ ერთმანეთთან განსახილველ საქმეზე საუბარი, თუმცა შეუძლიათ ისაუბრონ ამინდზე. ასევე, უნდა დაივიწყონ სასამართლო – სახლში და არ ესაუბრონ ამაზე ოჯახის წევრებს. ქეთრინ ფორესთმა განუმარტა, რომ არ აქვთ უფლება დაცვის თუ ბრალდების მხარეებთან რაიმე კონტაქტის და გააფრთხილა, არ მოჩვენებოდათ უცნაურად, თუ ადვოკატი ან პროკურორი მათ თვალს აარიდებდნენ. მოსამართლემ ისიც აუხსნა, რაზე დაყრდნობით უნდა გამოეტანათ დასკვნები და რა პრინციპებით ეხელმძღვანელათ ნაფიც მსაჯულებს. ბოლოს კი გააფრთხილა, არ გადაეღოთ ფოტოები სასამართლო დარბაზის წინ და არ აეტვირთათ ინსტაგრამზე ან რომელიმე სოციალურ ქსელებში. მოსამართლის სიტყვას, ბრალდებისა და დაცვის მხარეების პირველი განცხადებები მოყვა.

სახელმწიფო ბრალმდებელი – შულაია იყო ბოსი, ხურციძე მისი ცოცხალი იარაღი

სახელმწიფო ბრალმდებელმა სხდომაზე ნაფიც მსაჯულებს დეტალურად გააცნო, რაში ედავება სახელმწიფო რაჟდენ შულაიას და ავთანდილ ხურციძეს. მან ჩამოთვალა ბრალდებები, მათ შორის სიგარეტის და ძვირფასეულობის კონტრაბანდა, არალეგალური აზარტული თამაშები, სათამაშო აპარატების გატეხვა, რეკეტი, თაღლითობა, რაც მისი თქმით, რაჟდენ შულაიას კრიმინალური ბიზნესი იყო, რომელშიც ავთანდილ ხურციძე ეხმარებოდა.

„ეს საბჭოთა კრიმინალური ორგანიზაცია ამ კაცმა შექმნა – რაჟდენ შულაიამ, რომელიც არის ბოსი. ხურციძე კი – ჩემპიონი კრივში, მისი ძალა იყო, ცოცხალი იარაღი. ხურციძე იყო ფულის ამომღები, როცა ვინმე არ იხდიდა. ისინი იპარავდნენ, არეკეთებდნენ, ცემდნენ, შემდეგ ნაცემებს ფოტოებს უღებდნენ და სხვებს აჩვენებდნენ დაშინების მიზნით. ხურციძე ნამდვილი „ჩაქუჩი“ იყო და ამას აკეთებდნენ აქ, ამ ქალაქში, ნიუ იორკში“, – ასე გააცნო ბრალდების მხარემ განსასჯელები ნაფიც მსაჯულებს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა განცხადებაში ახსენა, რომ ამ ბრალდებებს ადასტურებს FBI-ის მიერ „შულაია ენთერფრაიზის“ წევრებზე თვალთვალის დროს ჩაწერილი სატელეფონო საუბრები და სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც მისივე თქმით, შეიცავს რეკეტისა და ძალადობის სცენებს.

რაჟდენ შულაიას ადვოკატი – მთავრობამ შექმნა ე.წ. რაჟდენ შულაიას დაჯგუფება

რაჯდენ შულაიას ადვოკატმა საერთოდ უარყო საკუთარი კლიენტის კავშირი ბრალდების მხარის მიერ ჩამოთვლილ დანაშაულებთან. მან თქვა, რომ შულაია უდანაშაულოა. ადვოკატი არწმუნებდა ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდების მიერ დასახელებული კრიმინალური ორგანიზაცია „შულაია ენთერფრაიზი“ თავად მთავრობამ შექმნა, თავადვე აფინანსებდა და საბრალდებო მასალებში დასახელებული სიგარეტიც და ფულიც, რითაც ხდებოდა შემდეგ სიგარეტის ყიდვა, FBI-ის აგენტებს მიჰქონდათ.

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ აღარ ვართ საბჭოთა კავშირში. მთავრობამ თვითონ შექმნა ე.წ. შულაია ენთერფრაიზი, ისინი აფინანსებდნენ და შემდეგ შორიდან აკვირდებოდნენ. ის, რაც თქვენ ბრალდების განცხადებებში მოისმინეთ, არ არის მტკიცებულებები. შულაია უდანაშაულოა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.. შეიძლება ის იცნობდა დამნაშავეებს, ელაპარაკებოდა მათ, მაგრამ ეს არ ხდის მას დამნაშავეს. არც აზარტული თამაშები ხდის, არც იმის თქმა, რომ მე ქურდი ვარ”- განაცხადა რაჟდენ შულაიას ინტერესების დამცველმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მოწმეები თავად არიან დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირები,რომლებიც შულაიას ამერიკაში ჩამოსვლამდე (2014 წლამდე) თანამშრომლობდნენ მთავრობასთან და დღემდე განაგრძობენ თანამშრომლობას, მათი საქმიანობა კრიმინალური საქმეების შექმნაა სხვების წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი, შულაიას ადვოკატის მტკიცებით, მათ მიიღეს სარგებელი. მაგალითად, ის, რომ მოქალაქეობის და საიმიგრაციო სტატუსის არქონის მიუხედავად ისინი დატოვეს ამერიკაში. დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულებს მიმართა, გაეთვალისწინებინათ, შეიძლებოდა თუ არა ასეთი ადამიანების ნდობა.

ავთანდილ ხურციძის ადვოკატი – შულაიას და ხურციძეს თბილისი აკავშირებთ, ისინი საქართველოდან არიან, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში დაიბადნენ

მეგი ბენეტს – ავთანდილ ხურციძის ადვოკატს კოლეგისგან განსხვავებით მცირეხნიანი გამოსვლა ჰქონდა. მან თქვა, რომ ორივე ბრალდებული თბილისში დაიბადა, თუმცა შულაიამ დატოვა ქვეყანა, ხურციძე კი დარჩა, წარმატებული კარიერა შეიქმნა და კრივში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახსენა ის, რომ ნიუ იორკში, მანჰეტენზე სპორტსმენის სააგენტო იყო. ადვოკატს არ დაუმალავს, ფაქტი, რომ ნიუ იორკში ყოფნის დროს ხურციძეს შულაიასთან ურთიერთობა ჰქონდა.

„ხურციძეს ჰქონდა ურთიერთობა შულაიასთან. ისინი იცნობდნენ ერთმანეთს. შულაიას უყვარს სპორტი, კრივი, თუმცა დამეთანხმეთ, რომ ეს არ არის დანაშაული. გარწმუნებთ, ხურციძე არ არის ნაწილი ამ შეთქმულების“, – მეგი ბენეტი.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებს არაფერი უთქვამთ. მათთვის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არც ყოფილა. რაჟდენ შულაიაც და ავთანდილ ხურციძეც სხდომის მიმდინარეობას ყურსასმენებით მათთვის გასაგებ ენაზე ისმენდნენ. ხურციძე ქართულად, შულაია კი სავარაუდოდ რუსულად. მოსამართლე ქეთრინ ფორესთმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ბრალდებულებს აქვთ უფლება, სასამართლო განხილვების ბოლომდე საერთოდ არაფერი თქვან და არც თავი იმართლონ. მოსამართლის თქმით, სახელმწიფო ბრალდების საქმეა დაამტკიცოს ის დანაშაულები, რომლებსაც განსასჯელებს ედავება.