ავთანდილ ენუქიძე - თათბირზე პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე, პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებასაც და არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა
ავთანდილ ენუქიძე - თათბირზე პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე, პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებასაც და არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა

თათბირზე პარტიის წევრებმა იცოდნენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე, პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებასაც და არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში დიდი ცვლილებებისთვის საკმარისი ოპოზიცია არ არის, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ახალ წევრებთან, გელა მიქაძესთან, ფრიდონ ინჯიასთან და დავით ზილფიმიანთან ერთად ამ ცვლილებების განხორციელებას ეცდება.

„მეათე მოწვევის პარლამენტში შემოსვლა ჩემი შეხედულება იყო. რომ ვთქვა, ვინც არ შემოდის, სააკაშვილთან არის გარიგებული-მეთქი, სწორი ხომ არ იქნება? ხომ არ ვიცი, გარიგდა თუ არა, თუმცაღა, ასეა. ვთვლი, რომ არჩევნები გაყალბდა და „პატრიოტთა ალიანსს“ არ დაუწერეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს. დიდი ცვლილებებისთვის პარლამენტში ოპოზიციის საკმარისი რაოდენობა არ არის, თუმცა ჩვენ ამ ცვლილებებს ვეცდებით.

„პატრიოტთა ალიანსში“ არავის არაფერზე არ ზღუდავენ. პარტიის თათბირზე მისმა წევრებმა იცოდნენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება იყო მიღებული. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებასაც და არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. რატომღაც პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ ერთ პარტიას ერთი აზრი უნდა ჰქონდეს ტყუპი ბავშვებივით, რაც ასე არ არის“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ამასთან, ენუქიძე გამოეხმაურა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტსაც და აღნიშნა, რომ დაფინანსების შეწყვეტა არასწორია.

„სწორად მიმაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. არასწორად მიმაჩნია, პარტიებს დაფინანსება შეუწყვიტონ. დაფინანსება პარტიებმა რომ არ მიიღონ, დაიხრჩობიან. ამიტომ ამის მომხრე ვარ. „პატრიოტთა ალიანსმა“ სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს. ამ პარტიაში გარკვეული შრომა ჩავდე და დღესაც მათი მხარდამჭერი ვარ“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

კითხვაზე, რატომ გაიყო მისი და „პატრიოტთა ალიანსის“ გზები, ენუქიძემ უპასუხა: „რატომ გაქვთ წარმოდგენილი, რომ ერთმანეთს უნდა ვეომოთ? ბრძოლის ამ ფორმატს დღეს ასე ვუყურებთ“.

შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი ენუქიძემ განაცხადა, რომ არა მხოლოდ მასსა და ხელისუფლებას შორის, არამედ გარიგება არავისთან ყოფილა.