ავთანდილ ენუქიძე - პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მთავარი სტრატეგია და მიზანი იქნება ხალხი, ვინმე ხელს თუ შეგვიშლის, თავის სათქმელს მიიღებს
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მთავარი სტრატეგია და მიზანი იქნება ხალხი, ვინმე თუ ხელს შეგვიშლის, თავის სათქმელს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მუშაობის ძირითადი მიმართულება ხალხის კეთილდღეობა იქნება.
„მთავარი სტრატეგია და მიზანი იქნება ხალხი. ძირითადად ევროპული სოციალისტური პარტიების მიმართულებით იქნება, მათ ბაზაზე, მათთან თანამშრომლობით და გადმოტანილი იქნება საქართველოს სინამდვილეში. ძირითადად ამართლებს ეს სოციალისტური მიმართულება და ხალხის კეთილდღეობა. ვნახოთ, როგორ გამოვა. ვნახოთ, თუ ვინმე ხელს შეგვიშლის, მიიღებს თავის სათქმელს, თუ არადა, ჩვენ ვეცდებით. ეს არის იდეის დონეზე და ნაფიქრი გვაქვს, რომ სოციალისტური მიმართულება ესაჭიროება ქვეყანას. როგორ განვახორციელებთ, ეს უკვე ჩვენზე იქნება“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რა მიმართულებით გაუწევენ ისინი ოპონირებას საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში, ენუქიძემ უპასუხა, რომ ხალხის კეთილდღეობის საკითხებზე.
„მომავალში ხალხს რაც კეთილდღეობას მოუტანს იმაზე და წარსულს თუ შეეხება, რაც ქონებებია წართმეული, უნდა დააბრუნონ. ზოგიერთს პარლამენტში შემოსვლას რომ სთხოვენ ახლა, შემოვიდნენო, შემოვლენ, მაგრამ იქ როგორ დამენახებიან, მაინტერესებს“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ენუქიძემ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ სუბიექტებს კორექტულობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად აღნიშნა, „დიდი ინფორმაციის მატარებელია“.
„ვიცი, შეიძლება კითხვაც დამისვათ, ვინ ვის შეეკრა და ა.შ. ამდენი ტალახი წამოვიდა. ჩვენ ხომ არავისზე ვამბობთ, რომ სააკაშვილს შეეკრა და იმიტომ არიან გარეთ. საერთოდ არავისზე არაფერს ვამბობ. რაც ჩუმად იქნებიან, ჯობია, რადგან მე არაფერი გასახსენებელი არ მაქვს. სულ ახლა დავიწყე ეს ურთიერთობები და ბევრი ვიფიქრე, საერთოდ მოვსულიყავი თუ არა ამ კუთხით პოლიტიკაში.
ყველა იყოს კორექტულად, თორემ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ნუ გამაჟღერებინებენ ახლა ამას. იმიტომ კი არა, რომ რაღაც დიდი დანაშაულები ვიცი, უბრალოდ ქუჩაში თავს ვერ გამოყოფს ზოგიერთი“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მათი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას, ენუქიძემ უპასუხა, რომ პირველ რიგში ეს „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება.
„რა თქმა უნდა, ამას შევეცდებით. მე არ დავმალავ, იმ ოპოზიციურ ძალებში, რომლებიც გარეთაც არიან, ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელიც მყავს. პირველ რიგში, „პატრიოტთა ალიანსთან“, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე მათი მხარდამჭერი ვარ. ისინი ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ ახლა იმიტომ, რომ მათი ხმები „ნაციონალებს“ დაუწერეს. პირველ რიგში, მათთან, მერე სხვასთანაც, რომელი ოპოზიციური ძალაც არ უნდა იყოს. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ბევრს ვიცნობ, ურთიერთობაც ნორმალური მაქვს. ნუ აქ შეხედულებაა სხვადასხვა. არ მაქვს ლაპარაკი იმ ხალხზე, ვისაც სისხლიანი წარსული აქვს და არც იმ ხალხზე, ვისაც ვინმესთვის რამე წაურთმევია, მათთან კონტაქტი არ მაქვს“, – განაცხადა ენუქიძემ.