„ევროპელი სოციალისტები“ - ჩნდება ეჭვი, რომ სანქციების დაწესების მიზანია, რადიკალურ-დესტრუქციული, ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების წახალისება შემდგომი არეულობით ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად
„ევროპელი სოციალისტები“ - ჩნდება ეჭვი, რომ სანქციების დაწესების მიზანია, რადიკალურ-დესტრუქციული, ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების წახალისება შემდგომი არეულობით ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად

აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ეს არის უხეში ჩარევა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე. უცნობია, რა ინფორმაციის საფუძველზე იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას, რითაც აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს და მის მოსახლეობას, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიასა და პარტიის პოლიტიკური გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურნენ.

როგორც „ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასანქცირება მოგონილი თემაა.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების მიმართ საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში აშშ-ს საელჩომ ამერიკაში გამგზავრების მსურველთა დაახლოებით 70% -ს უთხრა უარი ვიზის მიღებაზე – ასე ვთქვათ, საქართველოს ათასობით მოქალაქე „დაასანქცირა“. დღეს მათ შორის არის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ არის კარგად გამიზნული გეგმის ნაწილი, რომელიც, ჩვენი აზრით, მიზნად ისახავს ქვეყანაში რადიკალურ-დესტრუქციული და ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების წახალისებას შემდგომი არეულობითა და დესტაბილიზაციით ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად.

ეს არის პოლიტიკური აქცია, იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც მიმართულია საქართველოს სასამართლო სისტემის გაკონტროლებისკენ, რათა მართლმსაჯულება საქართველოში გადავიდეს ფსევდოლიბერალური ძალების სრული კონტროლის ქვეშ, რითაც ხელისუფლების ეს შტო გახდება ადვილად მართვადი საბოლოო მიზნის, არჩეული ხელისუფლების შესაცვლელად. ხოლო ეს რევოლუციური თუ ვადამდელი არჩევნების გზით მოხდება, გარე თუ შიდა რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური გემოვნების საკითხია.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, მართლაც თუ არსებობს მასშტაბური კორუფციული სქემები და მათი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალები, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების დონეზე, რაც საკმაოდ ეფექტურად შეიძლება, იყოს გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო სტაგნაციას განიცდის და ევროპის მრავალ ქვეყანას უსწრებს წინ.

მოვუწოდებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ნუ მიაყენებენ ჩრდილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ 30-წლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, რაც არ შედის ჩვენი ხალხების ინტერესებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.