ავსტრიის შს მინისტრი - ვენაში მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ ჩამოყვანა ავსტრიისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა
ავსტრიის მთავრობა თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განცხადებას ავსტრიული გამოცემა Krone ავრცელებს.
ავსტრიის შს მინისტრის, ჰერბერტ კიკლის განმარტებით, ტერორისტის პოტენციური დამხმარის ქვეყანაში შეშვებაზე უარი, უსაფრთხოების გამო თქვეს.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ჩამოსვლა, ძალიან სარისკო იყო. ვენაში მაჩალიკაშვილის მკურნალობა ავსტრიის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა ჰერბერტ კიკლმა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობდა დიდი რისკი, რომ განხორციელდებოდა მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მცდელობა ან თავდასხმა, რაც შესაძლოა მსხვერპლით დასრულებულიყო.
ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი არ ყოფილა „ისლამური სახელმწიფოს“ უწყინარი წევრი. ის ტერორისტების ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სავარაუდო დამხმარე იყო.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი ჩატაევს იარაღის მიწოდებაში ეხმარებოდა.
წარმოშობით ჩეჩენი ჩატაევი რვა წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა. სხვადასხვა სპეცსამსახურებმა ჩატაევი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელეს.
„რა თქმა უნდა, ტერორისტების პოტენციური დამხმარე ქვეყანაში ვერ შემოვა. უსაფრთხოების მიზნებით, ჩვენ ვეუბნებით მკაფიო არას ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების შემოსვლას, ეს ეხება მკურნალობის მიზნით ჩამოსვლასაც“, – განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
მანამდე მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე რამდენიმე უცხოურმა, მათ შორის ავსტრიისა და გერმანიის კლინიკებმა თქვეს უარი.