ავსტრიის პარლამენტში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუდრუნ კუგლერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მე ვარ გუდრუნ კუგლერი, ავსტრიის პარლამენტის წევრი. აქ თქვენ ხედავთ პარლამენტის დროებით შენობას, ვიდრე პარლამენტის მთავარი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე ვარ ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და მოხარული ვარ, მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო!
როგორც იცით, ეს დღე აღნიშნავს განსაკუთრებულ შემთხვევას – დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელს.
ამ თარიღს ჩემთვის და მრავალი ავსტრიელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მეოცე საუკუნის „დიდმა ბოროტებებმა“ ჩვენზეც გავლენა იქონია.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიაზე სხვანაირი გავლენა ჰქონდა, ეს გავლენა მაინც ძლიერი იყო.
ხალხს მეოცე საუკუნე ახსოვს როგორც „დიდი ბოროტების“ პერიოდი: სისასტიკეები, ადამიანთა უფლებების დარღვევები და გენოციდი. რაც ხალხს არ ახსოვს, არის ის, რომ მეოცე საუკუნე არ იყო მხოლოდ ბოროტების პერიოდი, არამედ პერიოდი, როდესაც აღნიშნული ბოროტება დაძლეულ იქნა. ეს ჩემთვის ხაზს უსვამს ადამიანის ღირსებას და იმას, რომ ადამიანში ვერ მოხდება სიმართლის ნაპერწკლის ჩაქრობა.
საქართველო ჯერ კიდევ ზრდისა და ცვლილებების პერიოდს გადის, თქვენ გქონდათ სირთულეები საპარლამენტო კულტურაში და მე გირჩევთ, რომ მხარი დაუჭიროთ ძლიერ და დემოკრატიულ საპარლამენტო სისტემას, როგორიც არის ავსტრიაში. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარლამენტი, რაც კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ საქართველო მტკიცედ არის ორიენტირებული ევროპულ ღირებულებებზე. მე მივესალმები იმ აზრს, რომ თქვენ მჭიდროდ იმუშაოთ ჩვენთან, ავსტრიასთან და ევროკავშირთან. მე, როგორც მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე სიამოვნებით დავუჭერ მხარს ამ ძალისხმევას და მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოს წარმომადგენლებთან.
გილოცავთ და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს ეროვნულ დღესასწაულზე“, – აცხადებს გუდრუნ კუგლერი ვიდეომიმართვაში.