ავსტრიის კანცლერი - მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, არის მოტივაცია, რომ გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები
მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის პერსპექტივის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მოტავაცია, თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას. არაპროდუქტიული იქნება, თუ თვალს დავხუჭავთ გამოწვევებზე. უკეთესი იქნება, თუ დავინახავთ გამოწვევებს, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ განვახორციელებთ პროცესს, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირმა პოზიტიურად შეაფასა ნაბიჯები, რაც გადაიდგა საქართველოში.
„ჩემი აზრით, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აუცილებელია, გვესმოდეს, რა ხდება ახლა, ამ მომენტში. დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო არ არის თავისთავად არსებული მოცემულობა. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველომ როგორი ისტორია, როგორი გზა გაიარა, რათა გარკვეულწილად მიეღწია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსისთვის. ჩემი გაგებით, ეს არ არის თავისთავად არსებული მოცემულობა. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, არის მოტავაცია, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას. თუკი გადავფარავთ, თვალს დავხუჭავთ გამოწვევებზე, არაპროდუქტიული იქნება. უკეთესი იქნება, თუ დავინახავთ გამოწვევებს, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ განვახორციელებთ პროცესს, რომელსაც ექნება პოზიტიური პროცესის სახე.
მეორე მხრივ, ასევე ევროკავშირსა და ევროკომისიას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, მათ შორის ავსტრიასაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიისადმი სვლის გზაზე და უნდა იქნას მოძიებული გამოსავლები წინსვლისთვის. ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების დიფერენცირებაზე თუ ვისაუბრებთ, იცით, რომ მე მიმაჩნია, ბევრად სწორი იქნებოდა, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ყოფილიყო. ბოსნია-ჰერცოგოვინაზე ბოლო შეხვედრაზე სამსაათ-ნახევარი ვსაუბრობდით. თქვენ იცით, ეს ქვეყანა გამოწვევის წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი ამოცანაა, თავიდან იქნას არიდებული ამგვარი ფაქტები. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის, თუმცა ამავდროულად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩემთვის მნიშვნელოვნად ჩანს, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობის ინტერესი. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ნაბიჯები, რაც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა კონკრეტული მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. თუკი თქვენ გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენი კონფლიქტია ადგილზე, რამდენად რთულია ისეთ პირობებში ფუნქციონირება, როდესაც დიდი ტერიტორიაა საქართველოში ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად, არამედ რეალურად, სამხედრო ბაზებით, სამხედრო მოსამსახურეებით, დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა – გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, ვიზრუნოთ აღმავლობაზე, ვიზრუნოთ განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.