კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, სპეკულაციებია, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ ვისმენთ
კახა კალაძე - ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, სპეკულაციებია, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ ვისმენთ

ვერცერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, ის, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ ვისმენთ, არის სპეკულაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ავსტრიის კანცლერის განცხადებებზე.

„რეალობა არის ეს გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით 2012 წლამდე ქვეყანაში, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები გადაიდგა.

ვერავინ, ვერცერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სპეკულაციები და იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ კონკრეტული ადამიანებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და აქვე, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ დახმარების მზადყოფნა გამოხატა.

კარლ ნეჰამერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. „ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.