ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბოიკოტის წინააღმდეგია და უნგრეთისადმი პროტესტის გამოსახატავად ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე წარმომადგენლობის დონეს არ შეამცირებს
ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბოიკოტის წინააღმდეგია და უნგრეთისადმი პროტესტის გამოსახატავად ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე წარმომადგენლობის დონეს არ შეამცირებს

ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უნგრეთისადმი პროტესტის გამოხატვისთვის მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე წარმომადგენლობის დონეს არ შეამცირებს.

ავსტრიის კანცლერი იზიარებს პოზიციას, რომ თავისი ქმედებებით „ორბანმა დაარღვია ტაბუ, რომელიც განხილვას საჭიროებს“, მაგრამ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დასასჯელად ბოიკოტის ფორმას ეწინააღმდეგება.

„ორბანს უნდა დაუპირისპირდე თავისი არაკოორდინირებული მიდგომით, მაგრამ არა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ბოიკოტით. ევროკავშირის ფარგლებში ერთმანეთთან საუბრის არქონა ყველაზე ცუდი გამოსავალია“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ნეჰამერის თქმით, ავსტრიის მთავრობის მინისტრები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას შვედეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს. ქვეყნების დემარში ვიქტორ ორბანის ნაბიჯს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გამართა, რამაც ევროპელ ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.