ავსტრალიის მოქალაქეები ხანძრების გამო საახალწლო ფოიერვერკის გაუქმებას ითხოვენ
ავსტრალიაში ხანძრის გამო ათასობით ადამიანს სახლების დატოვება ურჩიეს. სტიქია ვიქტორიას შტატში მძვინვარებს, საიდანაც მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია უკვე დაიწყო. მასშტაბური ხანძარია სიდნეის სიახლოვესაც.
250 000-ზე მეტმა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ავსტრალიელები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ახალი წლის ღამეს დაგეგმილი ფოიერვერკი გააუქმოს და ამ ღონისძიებაზე გამოყოფილი თანხა ხანძრებთან ბრძოლაში დახარჯოს.
მთავრობა აცხადებს, რომ ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
მეტეოროლოგების ცნობით, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს. ვიქტორიას შტატის ზოგიერთ ნაწილში 40 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.
ხანძრების ლიკვიდაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ. მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 100 აქტიური კერაა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა ვიქტორიას შტატის გარდა მოსალოდნელია სამხრეთ ავსტრალიის, ახალი სამხრეთ უელსისა და ტასმანიის შტატებშიც.
ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. ცეცხლმა ოთხ მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გაანადგურა.