ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძართან საბრძოლველად სტიქიის ზონაში სამი ათას სამხედროს გაგზავნის
ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძართან საბრძოლველად სტიქიის ზონაში სამი ათას სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სტიქიასთან საბრძოლველად აღნიშნული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან.
ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში მძვინვარე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მათი მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა იქნება. ამასთან ერთად სამუშაო ჯგუფები გამოავლენენ პოტენციურ ლოკაციებს, სადაც შესაძლოა ხანძარი გავრცელდეს. ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები კი ხანძრის ლოკალიზების ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.
ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიამ 5,5 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს საერთო ჯამში 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მდგომარეობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც მეხანძრეები სტიქიის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.