ქალთა ტურნირზე ბოლოსწინა მეოთხედფინალისტი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გახდა. მსოფლიოს მერვე ჩოგანი რეიტინგის მე-18 ნომერს, „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონს გარბინე მუგურუსას უპირისპირდებოდა.
ესპანელმა უკეთ დაიწყო შეხვედრა და ბრეიკი პირველმა შეასრულა, მაგრამ 1:2-ის შემდეგ, პლიშკოვამ მომდევნო 13 გეიმიდან 11 თავის სასარგებლოდ დაასრულა და საათსა და ერთ წუთში 6:3, 6:1 მოიგო.
ჩეხმა ჩოგბურთელმა თითქმის იდეალურთან მიახლოებული ჩოგბურთი აჩვენა, 23 „ვინერსი“ ჩააგდო და მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა.
პლიშკოვა მეათედ შეხვდა პროფესიულ ტურში მუგურუსას და მერვედ დაამარცხა ესპანელი. ჩეხი ამ სეზონში ჯერჯერობით დაუმარცხებელია – 2019 წელს, ზედიზედ ცხრა მოგება აქვს. ამ სერიაში შედის ბრისბენის ტურნირზე გამარჯვება ავსტრალიის ღიას წინ.