ავსტრალიაში, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, უბედური შემთხვევა მოხდა
ავსტრალიაში, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, უბედური შემთხვევა მოხდა

ავსტრალიაში გასაბერი ბატუტიდან ჩამოვარდნის შედეგად ოთხი მცირეწლოვანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ დევენპორტში მოხდა, სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე. პოლიციის ინფორმაციით, კოშკის ფორმის მქონე გასაბერი ბატუტი, რომელზედაც დაწყებითი სკოლის რამდენიმე მოსწავლე იმყოფებოდა, ძლიერმა ქარმა ჰაერში ასწია 10 მეტრამდე. კონსტრუქციიდან ცხრა ბავშვი გადმოვარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი მცირეწლოვანი და დაშავებულია ხუთი, რომლებიც ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი.

შემთხვევას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი გამოეხმაურა და ინციდენტს „წარმოუდგენლად სულისშემძვრელი“ უწოდა.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიციელები იმყოფებიან, რომელთა განცხადებით, უბედურ შემთხვევას სასამართლო ექსპერტიზის გამომძიებლები შეისწავლიან.