ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური აშენდება, საიდანაც ენერგია წყალქვეშა კაბელით სინგაპურში წავა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური ავსტრალიაში აშენდება, შერჩეულია კონკრეტული ადგილიც.
პროექტი, სახელად Australia–ASEAN Power Link-ი 20 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად არის შეფასებული და ის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე აშენდება, ქალაქ დარვინსა და ალის-სპრინგსს შორის.
10-გიგავატიანი სადგურის მზის ფოტოელემენტები დაახლოებით 20 000 საფეხბურთო სტადიონის ზომის ტერიტორიაზე გადაიჭიმება. გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ავსტრალიიდან ძალიან, ძალიან შორს მოხდება.
ელექტროსადგური იმდენად დიდი იქნება, რომ კოსმოსიდანაც გამოჩნდება; ამავე დროს, პროექტის ფარგლებში აშენდება მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა ელექტროსადენიც — 4500 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ქსელი, რომლითაც ელექტროენერგიის ექსპორტი ავსტრალიიდან სინგაპურში განხორციელდება.
იმისათვის, რათა სისტემამ იმუშაოს, პროექტის ავტორი, სინგაპურული კომპანია Sun Cable-ი ააშენებს მსოფლიოში უდიდეს ბატარეასაც, რომელიც სადგურიდან 750 კმ-ის მოშორებით, ქალაქ დარვინის სიახლოვეს განთავსდება და იქ ენერგია შეინახება.
ელექტროენერგიის გარკვეული ნაწილი დარვინის ქსელში შევა, მაგრამ უდიდესი ნაწილი მაინც ექსპორტზე გავა ზემოთხსენებული კაბელით, რომლის 3700 კმ-იანი მონაკვეთი ოკეანის ფსკერზე იქნება განთავსებული; სადენი ჯერ ინდონეზიის წყლებში შევა, საბოლოოდ კი სინგაპურამდე ჩავა.
მას შემდეგ, რაც ელექტროენერგია დანიშნულების ადგილს მიაღწევს, მოამარაგებს სინგაპურის მოსახლეობის 20 პროცენტს, მილიონამდე ადამიანს; გეგმის მიხედვით, ენერგიის ნაწილი ინდონეზიასაც უნდა მიეწოდოს.
ეჭვგარეშეა, რომ განახლებადი ენერგიის ამხელა, მრავალწლიანი პროექტის განსახორციელებლად ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.
მას შემდეგ, რაც პროექტი დამტკიცდება, გადაეცემა 120 კვადრატული კილომეტრის ფართობის მიწა, მშენებლობა 2023 წელს დაიწყება, ენერგიის წარმოება 2026 წელს, ექსპორტი კი 2027 წლიდან.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, პროექტი Power Link-ი შეიძლება წყალგამყოფი მომენტი იყოს არა მხოლოდ მზის ენერგიისთვის, არამედ მთლიანად სუფთა ენერგიის ინდუსტრიისთვის და გვაჩვენოს, როგორ შეიძლება მოხდეს განახლებადი ენერგიის განაწილება საერთაშორისო ქსელებში, ძალიან დიდ მანძილზე, ოკეანის გადაღმაც კი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.