მამუკა ბახტაძე - ბევრს არც კი წარმოედგინა, რომ შევძლებდით ისეთი მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას, როგორიც არის მზის პანელები თუ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა
მამუკა ბახტაძე - ბევრს არც კი წარმოედგინა, რომ შევძლებდით ისეთი მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას, როგორიც არის მზის პანელები თუ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა

რამდენიმე წლის წინ ბევრს არც კი წარმოედგინა, რომ საქართველოში შევძლებდით ისეთი მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას, როგორიც არის მზის პანელების წარმოება თუ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც კომპანია „აიქარის“ ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო.

„კომპანია „აიქარი“ თბილისის შემდეგ ბათუმში იწყებს თავის სერვისების განვიათარებას ეს არის საზიარო ელექტრომობილები და ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება, ისარგებლოს ამ სერვისით. თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მსგავსი სერვისი ხდება უფრო და უფრო პოპულარული. ჩემთვის ძალიან სასიხარულია, რომ ბათუმშიც იწყებს „აიქარი“ ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რომ მომავალი წლიდან ქუთაისში გაიხსნება ახალი ქარხანა და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეძლებს ელექტრომობილების წარმოებას. მისი ნაწილი გავა ევროკავშირში ექსპორტის სახით და მაღალტექნოლოგიური წარმოება არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების ვექტორი, რომელზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რამდენიმე წლის წინ ბევრს არც კი წარმოედგინა, რომ საქართველოში ჩვენ შევძლებდით ისეთი მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას, როგორიც არის იგივე მზის პანელების წარმოება თუ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა. საქართველოში ეს ხდება, ეს არის რეალობა და სწორედ მსგავსი საწარმოები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, რომ მსგავსი პროექტებით ჩდავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა პრემიერმა.

აქვე, მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში განახლებული კაფე „რვაფეხას“, იგივე „ფანტაზიას“ გახსნა მიულოცა ქალაქის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს.

„მსურს, ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა. წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“ და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა ბახტაძემ.