ავსტრალიაში აღმოჩენილი დარტყმითი კრატერი 2,2 მილიარდი წლის წინანდელია და პლანეტის წარსულის ბევრ საიდუმლოს მალავს
არსებობის განმავლობაში, ჩვენს პლანეტას აურაცხელი ასტეროიდი და კომეტა დასცემია, უფრო მეტი, ვიდრე კრატერებით გამორჩეულ მთვარეს. დედამიწის მუდმივად ცვალებადი ზედაპირის წყალობით, დღეისათვის ამ დარტყმების ძალიან ცოტა ნაკვალევია შემორჩენილი.
ავსტრალიის შედარებით სტაბილური და უძველესი ლანდშაფტი დღემდე ინახავს არა მხოლოდ უდიდეს ასეთ კრატერს, არამედ როგორც მეცნიერები ფიქრობენ, უძველესსაც.
ავსტრალიის კურტენის უნივერსიტეტის გეოქიმიკოს აარონ კავოსის განცხადებით, ამ კრატერის შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ იყო ცნობილი, მაგრამ ამ დრომდე არავინ იცოდი, თუ ის ასე ძველი იყო. როგორც ირკვევა, მისი ასაკი 2.229 მილიარდი წელია.
იარაბუბას კრატერი დასავლეთ ავსტრალიაში მდებარეობს და მისი სიგანე დაახლოებით 70 კილომეტრია.
მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ეს კრატერი საკმაოდ ძველი იყო, მაგრამ როგორც თანამედროვე გეოლოგიური დათარიღება მიუთითებს, ეს კონკრეტული შემთხვევა 200 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე შემდეგი უძველესი დარტყმითი კრატერი.
როდესაც დედამიწას მეტეორიტი ეცემა, მიმდებარე ზონაში წარმოიქმნება მაღალი წნევის შოკური ტალღა, რომელიც ისვრის ატომებსა და მინერალებს.
კავოსის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შოკური ტალღა ქანებში გაივლის, ისინი ზამბარასავით იპრისება. გამოთავისუფლებისას, ის მყისიერად ცხელდება, ტემპერატურა უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს, ვიდრე ის ვულკანებშია. შედეგად, დარტყმის შუაგულიდან ქანების ნაწილი ორთქლდება,დანარჩენი კი უბრალოდ დნება ტემპერატურაზე, რომელიც ხშირად 2000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.
ურანი სტაბილურად გარდაიქმნება ტყვიად, მაგრამ როცა ამ კრისტალებს შოკური ტალღა ურტყამს და ცხელდება, ისინი უცბად იშორებენ მთელ ტყვიას და ხელახლა აყენებენ „იზოტოპურ საათს“.
ამ ქრონოლოგიაში მილიარდობით წლით უკან გადახვევა საკმაოდ რთულია, რადგან მოითხოვს ციცქნა იზოტოპური ნაკვალევის შეგროვებას ქვიშის კრისტალურ სტრუქტურებში, რომლებიც სულ რაღაც თმის ღერის სისქისაა.
საბედნიეროდ, იარაბუბას ზუსტად ის აღმოაჩნდა, რასაც მკვლევრები ეძებდნენ.
კურტენის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტური მეცნიერის, კრის კირკლენდის განცხადებით, კრატერი წარმოქმნილია იმ ეპოქის დასასრულს, რომელსაც თოვლის გუნდა დედამიწას უწოდებენ, როდესაც ატმოსფერო და ოკეანეები ვითარდებოდა და ჟანგბადით მდიდრდებოდა, როცა მრავალ კონტინენტზე დალექილმა ქანებმა მყინვარული გარემო ჩაიწერა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც 2 მილიარდზე მეტი წლის წინ დედამიწას მეტეორიტი დაეცა, უნდა დაჯახებოდა კონტინენტური ყინულის საფარს, ამოტყორცნა უზარმაზარი ოდენობის ქანები, ფერფლი და მტვერი, ზუსტად ისე, როგორც დიდ ვულკანურ ამოფრქვევას.
კომპიუტერული სიმულაციების ჩატარების შემდეგ, ავტორებმა გამოთვალეს, რომ ამ მოვლენის შედეგად, ატმოსფეროში უნდა გატყორცნილიყო 87-5000 ტრილიონი კილოგრამი წყლის ორთქლი. გამომდინარე იქიდან, რომ წყალი ეფექტიანი სათბურის აირია, ამ პროცესს შეეძლო კლიმატი შეეცვალა და პლანეტა გაედნო.
ეს გახლავთ მხოლოდ პოტენციური სცენარი; იმ დროის ზუსტი კლიმატური გარემო ჯერ კიდევ განსჯის საგანია. ავტორთა განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის ატმოსფერო მაშინ დღევანდელი ოდენობის ჟანგბადის მხოლოდ მცირე ნაწილს შეიცავდა, რჩება შესაძლებლობა, რომ იარაბუბას მეტეორიტის დაცემის დროს ატმოსფეროში გამოყოფილი წყლის ორთქლის იძულებითი კლიმატური ეფექტები გლობალურად მნიშვნელოვანი იყო.
ასეთი დარტყმითი კრატერები დედამიწის წარსულში გაჭრილი ზუსტი ფანჯრებია. ამჟამად მსოფლიოში აღმოჩენილია 190 ასეთი სტრუქტურა და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძნელად განირჩევა ტექტონიკური დეფორმაციისგან.
პალეოკლიმატური მეცნიერის, ენდრიუ გლიკსონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ამ ჯგუფის დათარიღების მეთოდი ბრწყინვალეა, მისი აზრით, დედამიწის უძველესი დარტყმითი სტრუქტურა მაინც გრენლანდიაშია, რომელიც 800 მლნ წლით უფრო ძველია; თუმცა, სამეცნიერო საზოგადოებაში ამჟამად ცხარე დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ, წარმოქმნილია თუ არა ეს კრატერი მეტეორიტის დარტყმის შედეგად.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, იარაბუბას კრატერის კვლევა აჩვენებს, რომ წარმოუდგენლად დიდი ხნის წინ მომხდარმა დარტყმამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს კლიმატურ ისტორიაზე.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.