ავსტრალიას ბანკნოტზე ორთოგრაფიული შეცდომა გაეპარა, რაც 6 თვე ვერავინ შენიშნა
ბანკნოტებთან შეხება ყველა ჩვენგანს ყოველდღიურად გვაქვს, მაგრამ ხშირად, არც კი ვფიქრობთ, ზედ არსებული წარწერები წავიკითხოთ. დაახლოებით ასე მოხდა ავსტრალიაში, სადაც ოქტომბერში გამოშვებული 50-დოლარიანი ბანკნოტის წარწერებს ვიღაც მხოლოდ ახლაღა დააკვირდა.
მიმოქცევაში შესულ 46 მილიონ ერთეულ ბანკნოტზე ორთოგრაფიული შეცდომა გაიპარა. მათი საერთო ღირებულება 2,3 მილიარდი ავსტრალიური დოლარი, ანუ 1,6 მილიარდი აშშ დოლარია. აღსანიშნავია ისიც, 50-დოლარიანი ბანკნოტი ავსტრალიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეცდომის შემჩნევა ადვილი სულაც არ ყოფილა.
ბანკნოტზე გამოსახულია ედით კოუენი, რომელიც 1921 წელს ავსტრალიის პარლამენტის პირველი ქალი წევრი გახდა. ავსტრალიურ ფულზე ის 1995 წელს გამოსახეს.
კუპიურაზე გაპარული შეცდომის საპოვნელად ძალიან კარგი მხედველობა ან გამადიდებელი სათვალე გჭირდებათ.
შეცდომით წერია სიტყვა „responsibility“. თუ კარგად დააკვირდებით, ბანკნოტზე წაიკითხავთ „responsibilty“. თანაც, შეცდომა ორჯერ მეორდება.
დაახლოებით მსგავსი ფაქტი 2005 წელს ფილიპინებშიც მოხდა. ახალ ბანკნოტზე შეცდომით დაწერეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, გლორია მაკაპაკალ-აროიოს გვარი. Arroyo-ს ნაცვლად, კუპიურაზე Arrovo ეწერა.