ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ ახალ კალედონიაში არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან
ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ ახალ კალედონიაში არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან.
საფრანგეთის უმაღლესმა კომისიამ ახალ კალედონიაში განაცხადა, რომ აეროპორტი დაკეტილია კომერციული ფრენებისთვის და საზოგადოებრივი შენობების დასაცავად სამხედროები განათავსა.
„ათასზე მეტი პოლიციელი მუშაობს საფრანგეთიდან და კიდევ 600 ადამიანი უახლოეს საათებში დაემატება“, – განაცხადა საფრანგეთის უმაღლესმა კომისიამ.
ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ელოდებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლებისგან ნებართვას, რათა გაეგზავნათ თვითმფრინავები ტურისტების ევაკუაციისთვის.
მოგვიანებით, საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ტურისტების სახლში დაბრუნება უზრუნველეყოთ.
არეულობა ახალ კალედონიაზე, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, გასულ კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში, კანაკებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას ამცირებს. არქიპელაგზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად სულ ექვსი ადამიანია დაღუპული.