ავსტრალია - საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიება უნდა გააგრძელოს
ავსტრალიამ მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ავსტრალიის წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს და დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო პუნქტების გახსნა. მან ასევე შეშფოთება გამოხატა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათი გამოძიება მოითხოვა.
„რეზოლუციის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების წვდომა. საქართველოს მხრიდან ამგვარი რეზოლუციის წარდგენა გამართლებულია, ვინაიდან ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილს შეადგენს.
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი გამართლებულია, გაგრძელდეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, წამებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ფაქტების გამოძიება. სამაგიეროდ, გამართლებული არ არის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად სხვა ქვეყნის მიერ ამ რეგიონებში საარჩევნო პუნქტების გახსნა, როგორც ეს გასულ კვირას მოხდა“ – განაცხადა ავსტრალიის წარმომადგენელმა.
მან დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.