ავიაკომპანიებმა „ლუფთჰანზამ“ და „ბრითიშ ეარვეისმა“ კაიროში ფრენა შეაჩერეს
ავიაკომპანიებმა „ლუფთჰანზამ“ და „ბრითიშ ეარვეისმა“ კაიროში ფრენა შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე ავიაკომპანიამ მგზავრების უსაფრთხოებით ახსნა.
„ლუფთჰანზამ“ კაიროში ფრენა მიუნხენიდან და ფრანკფურტიდან ერთი დღით შეაჩერა.
„ვინაიდან, „ლუფთჰანზასთვის“ უსაფრთხოება უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ფრენა კაიროში სიტუაციის შემოწმებამდე“, – განაცხადეს უმსხვილეს გერმანულ ავიაკომპანიაში.
ამასთან, „ლუფთჰანზაში“ არ ასახელებენ ეგვიპტის დედაქალაქის მიმართულებით ავიარეისების შეწყვეტის მიზეზს.
თავის მხრივ, „ბრითიშ ეარვეისმა“ კაიროში ფრენა უახლოესი შვიდი დღით შეწყვიტა. ბრიტანული ავიაგადამზიდი თავის გადაწყვეტილებას ასევე განმარტავს იმით, რომ ავიაკომპანიისთვის მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა უსაფრთხოებას უმაღლესი პრიორიტეტი აქვს.
ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს ეგვიპტეში ფრენასთან დაკავშირებით საფრთხის შესახებ აფრთხილებს.