ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა.

როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა, საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სუდანიდან ავიაკომპანიის თანამშრომლების გამოყვანაში.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს მათ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ევაკუირებულია. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა თურქეთში საქართველოს კონსულთან. მასთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად გავედით ამ გზებზე. მადლობას ვუხდით ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეპიცენტრიდან ძალიან ძნელი იყო თავის დაღწევა. ასევე რთული იყო იქ ყოფნა საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტის გამო. ჩვენი კონტაქტი დამოკიდებული იყო საწვავის შევსებაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს სუდანელ პარტნიორებთანაც ვთანამშრომლობდით, მაგრამ ძალიან ძნელი იყო ადგილზე მიწოდება, იქიდან გამომდინარე, რომ ეპიცენტრში იყვნენ ჩარჩენილი ჩვენი თანამშრომლები“, – განაცხადა რატი ბაკურაძემ.

სუდანის საზღვრიდან „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლების ტრანსპორტირება თავდაპირველად კაიროში განხორციელდა, რის შემდეგაც ისინი საქართველოში ჩამოიყვანეს.

ამასთან, მეორე ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტეს, „ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე ისინი საქართველოში დაბრუნდნენ.