„მაივეი ეარლაინსი“ - ჩვენი თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კაიროში, საიდანაც მათ საქართველოში ჩამოიყვანენ, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო სუდანიდან ევაკუაციის პროცესში
„მაივეი ეარლაინსი“ - ჩვენი თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კაიროში, საიდანაც მათ საქართველოში ჩამოიყვანენ, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო სუდანიდან ევაკუაციის პროცესში

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები, რომელთა სუდანის საზღვრიდან ტრანსპორტირებაც განხორციელდა, ამჟამად კაიროში იმყოფებიან, საიდანაც მათ საქართველოში ჩამოიყვანენ.

„გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან კაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თურქეთში საქართველოს კონსულს, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას.

ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.